მენიუ
დახურვა

განაცხადი

თბილისის არქიტექტურის ბიენალე, 2024
 
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს რიგით მეოთხე გამოშვების სახელია „შეცდომების გასწორება.“ ეს გადაწყვეტილება ვენეციის 18-ე არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს პავილიონის წარდგენის შემდეგ მივიღეთ: ბუნებრივი რესურსების მიტაცება, მოგებისთვის ათვისებული ლანდშაფტი, მისი ეკოსისტემები, გარემოზე მიბმული ბიოგრაფიებისა და კლიმატური ცვლილებების უგულებელყოფა უფრო სიღრმისეულ ანალიზსა და დაფიქრებას საჭიროებდა. ქვეყანაში განვითარებულმა დრამატულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა დამატებით ახალი, განსაკუთრებული შრე შესძინა გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების წარმართვის საკითხებს: ჩვენი სურვილი იყო ამ დინამიკის ნავიგაცია პროგრამის საშუალებით არქიტექტორებს, ქალაქთგმეგმარებლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და გარემოს დამცველებს მოეხდინათ. შემოქმედებითი რეფლექსიის, საავტორო არქიტექტურისა და ნაშენ სტრუქტურებზე იდეური თამაშის ნაცვლად, წელს ბიენალე პლატფორმას მთლიანად დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს დაუთმობს - ექსპონატისა და ნამუშევრის ნაცვლად კი მეცნიერულ მონაცემებსა და აქტივისტების შრომას მისცემს გზას.
 
შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან არსებული თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობ­სერ­ვატორიაა, რომელიც 1862 წელს აშენდა და კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს. აქ მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ, თუმცა, 2000-იან წლებში ინსტიტუტის ძირითადი შენობის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემისა და დაცლის შემდგომ ობსერვატორიამ, ნაწილობრივ, დროებითი სათავსოს ფუნქცია შეითავსა. ეს შენობა წლევანდელი ბიენალეს მთავარი შეკრების ადგილი იქნება. წყლის რესურსით მდიდარ, კლიმატური კატასტროფების მქონე ქვეყანაში მას თემატურად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, წარმოდგენილი გამოფენის სტრუქტურა კი წახალისებაა შენობისა და მისი გარემოს დათვალიერებისა და შესწავლისკენ; სახელმწიფო, მეცნიერული ინსტიტუციებისა და მათი ისტორიის, ისტორიოგრაფიის, მათი შესაძლებლობებისა და აქტუალობის ხაზგასმა.
 
გამოფენაზე საერთაშორისო, ღია კონკურსით არჩეული და თემატურად რელევანტური ნამუშევრებია წარმოდგენილი. თითოეული ნამუშევარი, თავად ბიენალეს კურატორული ექსპოზიციის ჩათვლით, კლიმატის ცვლილებაზე, საქართველოს მდინარეებზე,  მყინვარებზე, ტყეებზე, ნიადაგსა და მის სიმდიდრეებზე ყვება - ამ ყველაფერთან მიმართებაში დაშვებულ კოლექტიურ შეცდომებზე, ამ შეცდომების სისწორეზე და იმედია, მათ უკოპრომისო გასწორებაზე.